სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?

გიორგი ხითარიშვილი


„– ეი, ჰორვიც, – ვუთხარი მე, – ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი, ცენტრალური პარკის სამხრეთით?
– რა არისო?
– ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, ბატები რომ დაცურავენ.
– ჰო, მერე რა?
– ბატები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდ...“
მოულოდნელად სალომეს ხმა შეწყდა.
- მაპატიე. უნდა წავიდე. - სევდანარევი ხმით მითხრა მან და მზრუნველობით აღსავსე თვალებით შემომხედა. 
- მიდი მაშინ! წარმოდგენა არ მაქვს სად დადიხარ, მაგრამ მალე დაბრუნდი. - ვუპასუხე და უკან ბალიში გავისწორე.
თოვლივით თეთრი ხელი შუბლზე გადამისვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
წიგნიც თან წაიღო... 
გავიფიქრე და ამოვიხვნეშე. ცუდად ნუ გამიგებთ, სელინჯერის უამრავი ნაწარმოები მაქვს წაკითხული: „ფრენი და ზუი“ , „ბანანათევზის ამინდი“ და მათ შორის „თამაში კლდის პირას ჭვავის ყანაშიც“, ნუ, ამ „გამეორებას“ მოწყენილობას თუ მივაწერ, თანაც, სალომეს ხმა არფის ტკბილ მელოდიას ჰგავდა, ეს პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდიდა. სამწუხაროა, რომ ეს გოგონა ამ ნესტიან ოთახში ხშირად მტოვებს! ვის გაუგია კავალერის ასე მიტოვება და სადღაც შორს გადაკარგვა?
ჩემი მოწყენილობა ყველაფერს მოედო, სველ კედლებს, ყინულივით  ცივ იატაკს, ჩემს პლედს (რომელიც ხშირად „იკბინებოდა“!) და დიდი ალბათობით იმ საცოდავ თაგვსაც, რომელიც კუთხიდან შემომციცინებდა.
- რა ვქნა, მეგობარო? მეც არ მაქვს საჭმელი.
მას თითქოს ეს ყველაფერი ეწყინა, ყურები ჩამოუშვა და სოროში შეცუნცულდა.
- ჩემზე და შენზე რაიმე უნდა დავწერო! - გადავიხარხარე მე.
- მოგზაურობა მეტროში, მთავარ გმირებად კი ჩვენ წარვდგებით! 
თაგვი არ ჩანდა.
- რა იყო შე კაცო! არ მოგეწონა? დღიურის ფორმატი ექნება! - დავამატე და გადავიხარხარე.
უცებ თვალები გამიფართოვდა.
- ევრიკა!
მე დღიურის წერა უნდა დავიწყო! ნუთუ...  

25 მაისი, 2020 წელი

ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო, უფრო ზუსტად კი 28 დღის წინ. მე და ჩემი ამხანაგები კალათბურთს ვთამაშობდით. ძველი პარკეტი ჭრიალებდა, ოფლის სუნი იდგა, კუნთები გვტკიოდა, მაგრამ ბედნიერება სახეზე გვეწერა, რადგანაც ერთად ვიყავით... ეს ყველაფერი მენატრება... შუა თამაშში ბონდომ უნებურად მკრა ხელი, მე ფეხი დამიცდა და უკან, ბასრ ბოძს ჩამოვარტყი თავი. თვალები გავახილე მეტად თეთრ ოთახში, სადაც ჩემ გარდა არავინ იყო. ახლად გაღვიძებულზე, მოგეხსენებათ, ყველას ერთი რამ უნდა... არც მე ვარ გამონაკლისი და როგორც პატიოსანი მოქალაქე, გადავბრუნდი და ძილის გაგრძელება ვცადე, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ჩემს ოთახში არ ვიყავი.  ე. წ. „ტუმბოჩკაზე“ ჩემი დაკეცილი ტანსაცმელი ვიხილე, შავი ფერის ოდნავ გადახუნებული ჯინსის შარვალი, მოკლემკლავიანი ლურჯი მაისური და ყავისფერი ტყავის ქურთუკი, ქვემოთ ჩემი საყვარელი ჩექმებიც კი დავინახე. ჩაცმისთანავე თეთრი ოთახიდან თავი გავყავი და გრძელი დერეფანი ვიხილე. აი, იცით როგორი? ერთ ბოლოში რო ჩაიჩურჩულებ და მეორე ბოლოში ჭიანჭველა რო გიპასუხებს. ფაქტია, რომ საავადმყოფოში ვიყავი! თუმცა, სად იყვნენ დანარჩენები? რამდენიმე ოთახს ჩამოვუარე, მაგრამ ვერავინ ვიპოვე - არც ტკივილით შეპყრობილი პაციენტები ჩანდნენ, არც ლამაზი ექთნები და არც მკაცრი ექიმები! ყველაფერი მიყრილი იყო, გეგონება ყველა მოულოდნელად გაქრაო. როდესაც გარეთ გავედი, უკვე ყველაფერი გასაგები გახდა - 300 არაგველთან  რომ ჰოსპიტალია, იქ ვიწექი თურმე. აქვე ჩემი ამხანაგი ცხოვრობს და გავიფიქრე, მივაკითხავ, გამოვკითხავ, გავნათლდები, რა ხდება-თქო. გარეთ გასაოცარი არაფერი იყო, ნაცრისფერ ცას და სრულიად სიმშვიდეს თუ არ ჩავთვლით. მართლა არ ვხუმრობ. ქუჩაში კაციშვილი არ იყო! არც მანქანები! არადა, რას არ მივცემდი, ოღონდ ის ყვითელი ავტობუსი მენახა, რომელსაც შავი გამონაბოლქვით არაერთხელ მოვუწამლივარ! ჩემი ამხანაგის სახლისკენ გავწიე, თუმცა რაღაცამ ჩემ წინ გაირბინა და ბუჩქებში დაიმალა. თავიდან ცხოველი მეგონა, გავიფიქრე, წავალ მივეგებები-თქო, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი, რათა არ დამეფრთხო, თუმცა ბუჩქიდან ორი დიდი საზარელი თვალი მიყურებდა. გული ამიჩქარდა და გავიქეცი. უკნიდან ამაზრზენი ღრიალი მომესმა, ამის გაგონებაზე კი სიჩქარეს მოვუმატე. როდესაც სირბილის თავი აღარ მქონდა, შევამჩნიე, რომ 300 არაგველის მეტროს შესასვლელის წინ ვიდექი! ოფლი ქურთუკის სახელურით მოვიწმინდე და შესასვლელისაკენ გავიქეცი. თანაც გულში ვლოცულობდი, ოღონდ დაკეტილი არ იყოს-თქო. ჩემდა საბედნიეროდ, კარი ჩაკეტილი არ ყოფილა, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, არც მეტროში დამხვდა ვინმე. არც კონტროლიორი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოწყენილი დგას, არც მაღალი პოლიციელი და არც ხალხის ხროვა! დაუფიქრებლად ღობეს გადავახტი და გამორთულ ექსკალატორზე ჩავირბინე. ღმუილი მიახლოვდებოდა. ჩემმა სიმამაცემ აქაც იჩინა თავი და გვირაბში ჩავხტი. მივრბოდი წინ, უკუნით სიბნელეში, ალბათ ასეც ვირბენდი,  სინათლეს  რომ  არ შევეწუხებინე. იგი გვირაბის ერთი კედლიდან გამოდიოდა. არა, არა, ეს სინათლე „გვირაბის ბოლოს“ რომაა,  ეგ არ გეგონოთ!  უბრალოდ, მეტროში პერსონალისთვის დასასვენებლად ოთახებია გამოყოფილი, მე კი ერთ-ერთს წავაწყდი. შიგნით შევედი და დავინახე ის მტვრიანი მატრასი, რაზეც ვწევარ, ის დანასავით ბასრი პლედი, რომელიც მაფარია, ლამპარი, რომელიც ამაყად ანათებდა, სველი ბლოკნოტი, რომელიც ახლახანს ჩემს დღიურად იქცა! და რა თქმა უნდა, ამ ამბის მთავარი გმირი, ბატონი ჯინგლსი! (ჰო, იმ წრუწუნას დავარქვი ასე) ჩემი აზრით, უხდება, თანაც სიმბოლურია, სტივენ კინგს მოეწონებოდა! 
ისე ამ წერამ კი გამომფიტა... წავალ წავუძინებ... დროებით...

26 მაისი

ძვირფასო დღიურო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ!
დღეს სალომე კვლავ მოვიდა და თან ოთო მოიყვანა! ოჰ, ნეტავ შეგეძლოს მისი გაცნობა, ფიდელ კასტროს მსგავსი წვერი აქვს, ხუმრობების გურმანია და თან სასმელში როგორ ერკვევა? ნამდვილი ჯენტლმენია!
უკან თორნიკე და მარიკო მოჰყვნენ. ნეტავ, აქ როგორ მოხვდნენ? ჩემსავით გაურბოდნენ რაღაცას? ნუ, სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ეს მათ ვკითხე, პასუხი არც კი მაღირსეს!
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი არც კი ესმით.
მარიკომ ჩვეულად სასუსნავები მომიტანა, თორნიკემ ტყავის სამაჯური შემიკეთა! 
სალომე განაგრძობდა ნაწარმოების კითხვას.
უი, ისე შენ ხომ არ იცი, სად მიდიან ბატები ზამთრობით?

27 მაისი 

აქამდე სტუმრად არავინ მოდიოდა, ნუ, მესმის, შუა გვირაბის ოთახში ვარ, ბოლოსდაბოლოს! თუმცა ეს დღეებია ჩემი ამხანაგები საკუთარი ვიზიტით მახარებენ და მახარებენ! დღეს ჩემი კალათბურთელი მეგობრები მეწვივნენ, მთელი გულით მინდოდა ისევ გვეთამაშა, თუმცა მატრასიდან ადგომა ვერ შევძელი, საკვების ნაკლებობის გამო დავსუსტდი, ალბათ.
სალომეს ცალი ხელი ჩემ თავზე ედო, ცალი ხელით კი წიგნი ეჭირა.
ცოტაღა დაგვრჩა და დავასრულებთ!

28 მაისი

უცნაური სიზმარი ვნახე. თითქოს ისევ იმ პალატაში ვიყავი, სალომე თავზე მედგა და ტიროდა, მის გვერდით კი მაღალი ქერა ექიმი. გაღვიძებისთანავე ვიგრძენი თუ  როგორ მასხამდა ცივი ოფლი, თანაც რაღაც ამაზრზენი წრიპინი მესმის სიზმრებში.
უი, ისე ჩემი ლამპარი, ისევ ისე ვეღარ ანათებს.

29 მაისი 

გუშინდელის მსგავსად,  სალომე დღესაც არ მოსულა.
წრიპინი ღამით ძლიერდება, ის მე თავს მატკიებს, განსაკუთრებით კეფას.

31 მაისი 

ძალიან დავსუსტდი.
წერა მიჭირს, ამიტომაც გუშინდელი დღე ჩავაგდე, მეძინა.
ჩემი ლამპარი ძლივსღა ანათებს, მალე ჩაქრება...

1 ივნისს ნაწარმოების პროტაგონისტი გარდაიცვალა. თავის ძლიერმა ჩამორტყმამ იგი კომაში ჩააგდო. მან საკუთარი სამყარო შექმნა და შიგნით იბრძოდა, ბრძოლის სურვილს კი პალატაში მოსული მეგობრები აძლევდნენ, მაგრამ განა სულ იმარჯვებს კეთილი?
მკითხველო, შენ თუ მაინც იცი, სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?

Comments

  1. ძალიან კარგია❤❤ სხვა ნაწარმოებებსაც სიამოვნებით წავიკითხავდი..

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მოგზაურობა ფოტოში

მომავლის ალტერნატივები