მომავლის ალტერნატივები

ნატალი ჩიტაია 


როგორი შეიძლება იყოს სამყარო 2182 წელს?

შესაძლო განვითარების პირველი ვარიანტი:
2182 წელი...
"მე იში ნაპელი ვარ. ჩემი პროფესია ვერეტობაა, რაც ნიშნავს, რომ გამაფრთხილებელ წერილს ვწერ წარსულში მყოფ მოაზროვნე ადამიანებს გარკვეულ საფრთხესთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მცდარი წარმოდგენები გაქვთ. არც ნეპტუნზე ვცხოვრობთ და არც მარსზე. დედამიწის გარდა, სხვაგან სიცოცხლე შეუძლებელია. თურმე არც უცხოპლანეტელები არსებობენ და არც პარალელური სამყარო. პრობლემა ადამიანის აზროვნებაა. მას ზედმეტად კარგი წარმოსახვის უნარი აქვს, რაც ხელს უშლის რეალობის აღქმას. თქვენთვის ცნობილი გასაიდუმლოებული დაჯგუფება  მალე დიდ დარტყმას მიაყენებს მსოფლიოს, თუმცა, არავინ იცის, ისინი რას ქმნიან. ყველაფრის ანონსის უფლება არ მაქვს, მაგრამ ეძებეთ ისინი ყველგან: მიწაში, პოლუსებზე, შეუღწეველ ადგილებში... ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ მე? აზროვნების  იერარქიის თანახმად, ჩვენ თქვენზე მაღლა ვართ - მე ვარ ადამიანი მომავლიდან...
გაფრთხილების დასასრული.
ინსტრუქცია: წერილის წაკითხვისთანავე ხელში ცარიელი ფურცელი დაგრჩებათ. გთხოვთ არ მიაწეროთ ეს თქვენი მენტალური აზროვნების დარღვევას."
სულ ეს ეწერა. დავიწყე ადამიანის ძებნა, რომელიც დამიჯერებდა, შეშლილად არ ჩამთვლიდა და ვინ იქნებოდა ეს, თუ არა ჩემი და. ვეცადე ყველაფერი დეტალურად ამეხსნა, მან ჯერ შეიცხადა, შემდეგ თავზეხელშემოდებულმა ასე დაასკვნა:
- ეს ადასტურებს იმას, რომ დროის მანქანა შეიქმნა.  დროის მანქანა სხვა არაფერია, თუ არა კარგად შექმნილი ჰოლოგრამა. 3D  ლაზერული  სხივები,  რომლებიც  სხივის  გარდატეხის  ალგორითმის  ფორმულის  მეშვეობით  ბევრად რეალურ გამოსახულებას იძლევა. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც იყო, ან რისი მოხდენის ალბათობა ყველაზე მაღალია ალტერნატიულ სამყაროში. ეს ჰიპოთეზა ადრეც მქონდა, რაც იქნებ მე შევძლო და ავაწყო.
ჩემი და ცნობილი გამომგონებელია. ის ჰოლოგრამების ოსტატია, ელენ შრილფილდი. 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, რის შედეგადაც ხალხს კომუნიკაცია შეეზღუდა. მოგეხსენებათ, ეს მასლოუს პირამიდაში მესამე საფეხურს წარმოადგენს, ანუ ყველასთვის მნიშვნელოვანი პუნქტია. დაიწყეს სიყვარულის, ოჯახის, მეგობრების, მეზობლების... დაფასება. რადგან სახლიდან გასვლა შეუძლებელი იყო, პატარა მრგვალი ვიდეოთვალის მქონე ბურთი ააწყო, რომელიც შენს იდენტურ გამოსახულებას აჩვენებს. ყველა გააოცა იმან, რომ მას თითის ანაბეჭდის ინდივიდუალურობის აღქმაც კი შეუძლია. მოჰყვება სათვალე და სამართავი ხელსაწყო. ხანდახან მგონია, პულტიან მანქანას ვმართავ. ამით შეგიძლიათ წახვიდეთ კოსმოსში, იტალიაში, პარიზში და როდესაც რეალურ სამყაროში ლუვრის მუზეუმი ცარიელია, ხოლო ბრუკლინის ქუჩაზე კაცის ჭაჭანება არ არის, ვირტუალური ჰოლოგრამებით ყველაფერი შესაძლებელია.
- ეეჰ, ნეტავ მართლა შემეძლოს აწყობა. მოიცა, იქნებ წერილი ადვილად აალებადი ქაღალდისგან იყო?
- არ მახსოვს.
ვიცოდი, ეს პასუხი გაამწარებდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ასეთ პროგრესულ სამყაროში დისლექსიის წამალი ჯერ კიდევ არ გამოუგონებიათ.
- არა, ჩხუბს აზრი არ აქვს. კვლევით სახინელში მივდვივარ, ახალი მისია მელის. თუ არ ვცდები, სათვალე უნდა ავაწყო, რომელიც სამყაროს შენი გემოვნებით, დიზაინით დაგანახებს. 
- ჰო, მაგრამ დროის მანქანა სულ სხვა განზომილებაა. ჩვენი ტექნოლოგიური პროგრესი მას ვერც კი შეედრება, რადგან ჩვენთვის ის ფანტასტიკური შესაძლებლობაა მხოლოდ.
- სჯობს შენ იმ დარტყმაზე ან დაჯგუფების ამოცანის ამოხსნაზე იფიქრო, მოაზროვნე.
- იცი, ვინც მომწერა, ის ვერეტია.
- ანუ?
- ვიღაცას აგვიანდება -  ისევ არ მახსოვს-მეთქი, რომ მეპასუხა, ალბათ მომკლავდა.
კარი მიიხურა და წავიდა ფერადი თმით და პრინისუებით, ანუ შერეული ვარცხნილობით. არა, სჯობს საქმეს დავუბრუნდე. ნეტა რომელ დაჯგუფებაზეა საუბარი? ეჰ, რამნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ დროის მანქანა არსებობს და მე ის წერილი ლატარიის ბილეთივით მერგო.

შესაძლო განვითარების მეორე ვარიანტი:
2182 წელი...
მე ნალეტ ბენჟენი ვარ. ქვეყნის მეთაური. ჩვენ პლანეტა ნეპტუნზე გადავედით, სადაც აიროვანი ბოჭკოების მეშვეობით წყლის მიღება შეგვიძლია, რაც მარსზე წარუმატებლად დამთავრდა. კონუსისებრი კაპსულა გადაადგილებისთვის ბევრად ეფექტური გამოდგა. დედამიწა, რაც ოზონის შრე მთლიანად მოეხსნა, თითქოს ბუშტის გასკდომის შენელებული ვარიაცია ყოფილიყოს, მზის რადიაციამ მთლიანად შთანთქა და ახლა ლურჯ-მწვანე ლამაზი პლანეტისგან მხოლოდ შავი, ნახშირივით სფეროა დარჩენილი. იქ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ფიქსირდება. რაც მათ ეგონათ, ყველაფერი ცრუ წარმოდგენა იყო. აქ ულამაზესი გარემოა, ლურჯი ქვიშა და ვერცხლისფერი წყალი, რომელიც მზის ძლივს მოღწეული სხივების შედეგად წითლად გარდაიქმნება. მოსახლეობა თითქმის ერთ მილიონს შეადგენს. ქვიშის მინარევით მიღებული მყარი ლითონით, რომელსაც ეკეპი ვუწოდეთ, პატარა სახლები ავაგეთ, რომელებიც კარგად უძლებს ვიბრაციას, რაც კოსმოსური გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება. 
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, პლანეტებზე სარკეების დაყენებას ვაპირებთ, რომლისგანაც მზის სხივები აირეკლება ისე, რომ ტეხილის ფიგურას მოგვცემს. ამ ყველაფრისგან ჩვენ შევძლებთ მზის სხივის გავრცელების ფართობის გაზრდას, რაც ავტომატურად ჩვენს პლანეტაზე მზის წყაროსა და სითბოს დადებით ცვლილებას მოგვცემს.
უსასრულობის თეორია სრული აბსურდია, როგორ სჯეროდათ ამ სისულელის ხალხს, მიკვირს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. შეიძლება გამოვიყენოთ რაიმე ფარდობითობით, მაგრამ - არა უსასრულოდ. სამყაროსაც კი აღმოაჩნდა რაღაც ზღვარი. მთავარი ამოცანა ყოფილა ის, რომ რისი აღქმაც არ შეგიძლია, არ არსებობს.

მესამე ვარიანტი:
2182 წელი...
კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ადამიანი მიხვდეს,  არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, ეს ინოვაციების არასწორად გამოყენება ღუპავს სამყაროს, მაგრამ კომფორტი, უპირველეს ყოვლისა. ტელეპორტაციის უნარი, რომელიც სამი დღის წინ შევქმენი, იწვევს ხვრელების შექმნას, რომლებიც წონას უკარგავს დედამიწას. ეს რომ ხალხს მივცე, ისინი უდაოდ დაიწყებენ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ გაანადგურებთ. მათ არ ესმით. არ მივცემ და დამაბრალებენ, ახალს ქმნის, მაგრამ თვითრეალიზაცია, ახლის მიღება არ შეუძლიაო. მერე გამომკეტავენ ალიფში, უმტვრევი ყინულის საკანში, სადაც წნევა ისეა დაყენებული, რომ მთელი დღეები ყურების წუილი გაწუხებს. ადამიანს უნდა სიკვდილი, ის მისკენ ისე ისწრაფვის, როგორც დაბადების პირველი ამოსუნთქვის წამებში, სანამ აზრობრივი ცვლის თეორია არ შეაღწევს მასში. ეს ეფექტი აკელამ ორი წლის წინ დაადგინა და დღემდე ვარაუდად არის. დღესდღეობით არაფერი არ არის აქსიომა. "მთავარია, კრიტიკით შეხედო სამყაროს და მერე სამყარო გადაგიფურცლავს ჭეშმარიტებას", რომელ იდიოტსაც არ უნდა ეთქვა ეს სიტყვები, მაშინ ის ამ წინადადების ეჭქვეშ დაყენების სრულ უფლებას მაძლევს. ახლა იტების კუნძულზე ვარ, რომელიც ერთ დროს სამხრეთ ამერიკის კუდს წარმოადგენდა. ხალხმა გადაიტანა გამყინვარება, ახლა გლობალური დათბობაა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის იბრძვის, არ ნებდება, რათა ამოხსნას ბალანსის მექანიზმი და თუ ეს ჩანაწერი ვინმესთან მოხვდება წლების შემდეგ ვაი, თუ თქვას, რა სისულელეებს ბოდავსო, თავი რომ დამეზღვია, ეს უნარი გავინადგურე. მე არ გამომიყენებია აზრობრივი ცვლის თეორია. მე მინდა სიცოცხლე, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს.
ჟურნალისტმა არ იცოდა, რა ეთქვა, არც ხალხის რეაქცია იყო ბრიფინგზე სახარბიელო. მეცნიერების ფაკულტეტზე მყოფმა მოსწავლემ ვერ მოითმინა და უთხრა:
- იქნებ, ჩვენთვის გეჩვენებინათ, გუნდი შეგექმნათ, რომელიც იმუშავებდა პრობლემის აღმოფხვრაზე!  ეს არ ვიცი, რა არის ან, საერთოდ, თავს რითი იმართლებთ. თქვენ ხელი შეუშალეთ კაცობრიობას განვითარებას.
- “FECI QUOD POTUI, FACIANT MELIORA POTENTES”, ეს ნიშნავს,  გავაკეთე, რაც შევძელი, ვისაც შეუძლია, უკეთ გააკეთოს. მე ამით დავასრულე კომენტარი. დაე, თქვენ შექმენით სრულყოფილება. თუ, რა თქმა უნდა, იგი არსებობს. 

Comments

Popular posts from this blog

სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?

მოგზაურობა ფოტოში